ჟურნალი ნომერი 1 ∘ ქეთინო დობაძიშვილი ტომაზო მინადოი და როვიგოს ორი ცნობის სანდოობის დაზუსტებისთვისწინამდებარე სტატიაში ორი მიზანი დავისახეთ: I- რამდენად სანდოა ვენეციელი ავტორის ჯოვანი ტომაზო მინადოი და როვიგოს (1540–1615) ორი დღემდე უცნობი წყარო სიმონ I არაორდინალური დიპლომატიური ხერხისა და საბრძოლო თავგადასავლის შესახებ; II- წყაროში მოტანილ ფაქტს როდის ჰქონდა ადგილი.
პირველ რიგში დავიწყებთ ტომაზო მინადოისა და ბერი ეგნატაშვილის შინაარსობრივად თითქმის იდენტური, თუმცა ფორმით განსხვავებული ცნობის შედარებით და შევეცდებით მისი სანდოობის დამტკიცებას. ბერი ეგნატაშვილი წერს: „მაშინ მოიხელოვნა და მოირთო ელჩად მეფე სვიმონ და მივიდა ფაშასთანა. სვიმონ მეფის მაგიერად წარმოუთხრნა სიტყუანი ესრეთ, ვითარმედ: „სვიმონ მეფემან მოგახსენათ: მეყოფა ამდენის ხრმლის ქნევა და ომი ყაენის გულისათვისო; თუ გინდათ თქუენ იყავით ჩემი ბატონი, თუ უნდა ისი. აწ თქუენთვისაც სჯობს და ჩუენთვისაც, შევრიგდეთ და მოვისუენოთ ამდონის ლაშქრობისაგან. მაშინ რა ესმა ფაშას სიტყუანი ესე, განიხარა და შემოუთვალა ესრეთ, რომე კარგად შემოგითულია და სჯობს, რომ შევრიგდეთო“ [ქართლის ცხოვრება, 1959:374]. ამ წყაროდან არ ჩანს, თუ ოსმალთა რომელ სარდალთან მივიდა ცრუ ელჩის ფორმით სიმონ მეფე და როდის ჰქონდა მას ადგილი.
ამ ცნობას პარალელი ეძებნება ტომაზო მინადოისთან. მის თანახმად, როცა სარდალმა მუსტაფამ თავისი ჯარი ერთ ციხე-სიმაგრესთან შეასვენა, „...სიმონი ელჩად გადაცმული თავისი ამალით ლალა ფაშას ბანაკში ეწვია და სიმონის შვილიშვილად გაეცნო და შერიგება შესთავაზა. მეტად გახარებულმა და კმაყოფილმა ფაშამ სტუმრები პატივით გაისტუმრა, თუმცა ელჩის დანაპირები, რომ სიმონი პირადად ეწვეოდა ფაშას ბანაკში, ერთი დღის ლოდინის შემდეგ, ტყუილი გამოდგა“ [Minadoi, 1588:102]. ასე რომ, ორივე წყაროს თანახმად, საქმე გვაქვს სინამდვილეში მომხდარ ფაქტთან და ამით ამ ტომაზო მინადოი ბერი ეგნატაშვილის ქართულ ვერსიას სრულად უტყუარსა და სანდოს ხდის. უეჭველია, მინადოის ცნობა ისტორიულ ფაქტს ასახავს. როგორც ირკვევა, სიმონ მეფე ლალა მუსტაფა ფაშასთან გამოცხადდა ელჩის სახით. ახლა შევეცდებით იმის გარკვევას, თუ როდის ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი და რომელ ოსმალო სარდალს ეახლა სიმონ მეფე.
როგორც ვიცით, ვენეციელი დიპლომატი (პროფესიით ექიმი) ტომაზო მინადოი იმ ამბების თანამედროვეა, რომელზეც წერს, კერძოდ, 1578-1590წწ. სპარსეთ-ოსმალეთის ომზე. ცნობილია, ის ერთხანს ალეპოში ცხოვრობდა და თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, ურთიერთობა უხდებოდა ბევრ ადამიანთან. ერთგან ავტორი აღნიშნავს: "არა ერთმა, არამედ ჩემთან ახლოს მყოფმა და სამკურნალოდ მოსულმა რამდენიმე ქართველმა დამიმოწმა" აღწერილი ამბის სისწორე [Minadoi, 1588:100]. ამდენად, მინადოი სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მიმართავდა ინფორმაციის გადამოწმებას.
ჩვენი აზრით, სიმონის ელჩობა ოსმალთა ბანაკში 1587წ. უნდა მომხდარიყო. ამის არგუმენტად მოვიშველიებთ მოვლენათა განვითარების ფონს: მეტად საეჭვოა მინადოისთან დასახელებული ოსმალთა სარდალი ლალა მუსტაფა ფაშა ყოფილიყო. რატომ? იმიტომ, რომ ლალას სარდლობის დროს ოსმალების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს უპირობო დაპყრობა და მის საფაშოდ გადაქცევა ინტენსიურ ფაზაში შედიოდა. საქმე პირიქითაა. ორივე ავტორთან ხაზგასმულია, რომ ოსმალთა სარდალი ფრიად კმაყოფილი დარჩა ელჩობით და მიესალმებოდა სიმონის ინიციატივას ბრძოლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუ ჩვენი ეს არგუმენტი სწორია, მაშინ, სარდლის განწყობიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ სიმონის ელჩობას ადგილი აქვს მაშინ, როცა ოსმალთა პოზიციები საქართველოში გარკვეულწილად შერყეულია; ოსმალებს იმდენად სჭირდებათ მეფესთან შერიგება, მით უმეტეს მოკავშირეობა, რომ მინადოის თუ დავუჯერებთ, ფაშა ერთი დღე ელოდა სიმონის გამოჩენას, ხალხიც კი გაუგზავნა მას, ელჩისა და მისი ამალის პატივით მიღებაზე არაფერი რომ არ ვთქვათ.
ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა 1586წ. ოსმან ფაშას სიკვდილის შემდეგ, აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდლად მეორედ დანიშნულ ფერჰად ფაშას ხვდა წილად. როგორც ცნობილია, 1585წ. სიმონ მეფე თავს დაესხა ლორეს და ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი დაიპყრო. 1586 წლის 14 მარტს ფუგერის გაზეთი იუწყებოდა, რომ ფერჰად ფაშამ მარცხი განიცადა არზრუმსა და ვანს შორის. ამავე დროს ქართველები თავს დაესხნენ თბილისს, გორს, ყარსს და ოსმალების მიერ კონტროლირებად სხვა მნიშვნელოვან ციხე-ქალაქებს და ისე შეავიწროვეს ისინი, რომ გახშირდა ოსმალო ჯარისკაცების დეზერტირობა, ვინც ახერხებდა კი არზრუმში გარბოდა [ტარდი, 1980:144–149; მამისთვალიშვილი, 2009:243]. სწორედ ამ დროს ჩნდება ცნობა, რომ ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივად მებრძოლ სიმონს და მანუჩარს გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობა წამოუწყიათ სულთნის კართან. ისინი დაინტერესებულნი ყოფილან პასუხით, რომელსაც ელჩისგან ელოდნენ. მანამდე კი როცა თავრიზის დასახმარებლად მიმავალი ოსმალეთის ჯარი ყიზილბაშთა და ქართველთა ლაშქარს წააწყდა, ქართველებმა ბრძოლას თავი აარიდეს და უკან დაიხიეს. ამდენად, ინტერესი დაზავებაზე ზოგადად მოლაპარაკების შედეგად გაჩნდა და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა ამ მიმართულებით. საგულისხმოა ისიც, რომ ფერჰად ფაშა ძალიან დაინტერესებული იყო სპარსეთთან დაზავებით. მთავარსარდლად დანიშვნამდე, ჯერ კიდევ 1585წ. ის საზავო მოლაპარაკებებს აწარმოებდა სპარსეთის ტახტის მემკვიდრე ჰამზა მირზასთან, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე შეთქმულების მსხვერპლი გახდა და მოლაპარაკებები ჩაიშალა [მამისთვალიშვილი, 2009:258–259].
როგორც ცნობილია, ოსმალეთი და სპარსეთი მოლაპარაკების დროს საქართველოს საკითხს ღიად არ განიხილავდნენ. ამით განაწყენებულმა სიმონ მეფემ რევანშის აღება გადაწყვიტა. ევროპული წყაროები გვაუწყებენ 1586წ. მეფის მიერ თბილისის ციხის აღებაზე [მამისთვალიშვილი, 2009:251]. ამას ადასტურებს ბერი ეგნატაშვილიც და ქართული წერილობითი ძეგლი - "წიგნი ქორონიკონი ძველისა და ახლისა"[ქრონიკები, 1980:341; მამისთვალიშვილი, 2009:251–252]. სხვა ევროპულ წყაროში ეს ცნობა - 1587 წლის 27 იანვრით [მამისთვალიშვილი, 2009:252], ხოლო ტარდის მიერ კი 1586 წლის 26 ნოემბრით თარიღდება [მამისთვალიშვილი, 2009:252]. ალბათ, უფრო სანდოდ მეორე თარიღი უნდა მივიჩნიოთ, რადგან ამ ფაქტს ფუგერის გაზეთიც გამოეხმაურა. 1586 წლის 7 დეკემბერს გაზეთი იწყებოდა, რომ თბილისი და მისი მიდამოები ქართველების ხელში იყო [მამისთვალიშვილი, 2009:252].
შექმნილ ვითარებაში სტამბოლში დაიგეგმა აღმოსავლეთზე შეტევა სამი მიმართულებით. ერთ-ერთი სამიზნე კი საქართველო იყო, სადაც ფერჰად ფაშა გამოიგზავნა. სწორედ ამ სარდლის შემოსვლაზეა, ვფიქრობთ, ჩვენს მიერ მოტანილ ორივე წყაროში საუბარი. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მინადოის პირველი წიგნი, რომელშიც ზემოთაღნიშნული ცნობაა მოცემული, 1588წ. გამოიცა ვენეციაში. ცხადია, მასში, 1588 წლამდე მომხდარი ამბებია შესული. ამდენად, ჩვენი აზრით, მინადოისთან და ბერი ეგნატაშვილთან დაცულ ფაქტს სიმონის ფარულ ელჩობასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა 1587 წლის ახლო ხანებში. ოსმალთა სარდალი, რომელმაც სიმონი მიიღო ფერჰად ფაშა უნდა ყოფილიყო და არა ლალა მუსტაფა ფაშა.
როგორც ითქვა, ტომაზო მინადოი გვაწვდის კიდევ ერთ უაღრესად საინტერესო ცობას, რომელსაც ჯერჯერობით პარალელი ქართულ წყაროებში არ ეძებნება. თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით მინადოი მოგვითხრობს: „სიმონ მეფეს განეზრახა თბილისის გარნიზონში როგორმე ისე შეეღწია, რომ არ გამომჟღავნებულიყო თვალთმაქცობა იმ მომენტში, როცა მისი ვარაუდით თბილისის სიმაგრეში თურქები მაშველ ჯარს ელოდებოდნენ. სიმონი 7 თუ 8 ათასი ქართველით ვითომ დიდძალი ფულით, ყალბი ბრძანებით ციხის კომენდატთან გამოცხადდა. ბრძანებაში აღნიშნული ყოფილა, რომ თითქოს სულთან მურადი თურქულ სარწმუნოებამიღებულ სიმონს ავალებდა თბილისის ციხე-სიმაგრეში 50 ათასი ცეხინი მიეტანა და თავისი შეხედულებისამებრ უფროსობა გაეწია გარნიზონისთვის. უნდა ითქვას, რომ გარეგნულად შინაარსის გადმოცემა სულთნის ფირმანისათვის სრულიად დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდა, მიუხედავად ამისა მას არ აღმოაჩნდა კიდევ რაღაც საჭირო რამ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მას თურქმა ფაშამ არ დაუჯერა. სიმონი შეცბა და ციხე-სიმაგრიდან სასწრაფოდ უკან დახევა მოუხდა მასზე უკვე დამიზნებული ქვემეხების ლულების ქვეშ. ის იძულებული გახდა არტილერიას გაქცეოდა, რომელმაც ფაშას ბრძანებით მის ჯარს გრიგალივით თავზე გადაუარა. ის რაღაც, რაც ფირმანს აკლდა, იყო კონტრნიშანი, ხელოვნურად შეთანხმებული ნიშანთან, რომელიც კომენდანტს ხელში ეძლეოდა. ასეთი კონტრნიშანი უნდა წარედგინა იმ პირს, რომელიც კომენდანტის შემცვლელად მოდიოდა. სიმონის ყალბ ფირმანს კი სწორედ ეს კონტრნიშანი აკლდა. ის გამოიჭირეს ტყუილში და ამისთვის მკაცრი პასუხიც მიიღო.“ [Minadoi,1588:103-104]
ისმება ორი კითხვა: პირველი, ვენდოთ თუ არა მინადოის ამ ცნობას? 2. თუ სანდოა, როდის ჰქონოდა მას ადგილი? სანამ ჩვენეულ არგუმენტებს მოვიხმობთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: ტომაზო მინადოი წერდა არა თავშესაქცევ ისტორიულ თხზულებას, სადაც შეეძლო რიგ შემთხვევაში ფანტაზიისთვისაც მიემართა, არამედ პრაქტიკულად ადგენდა დოკუმენტს, რომელიც ირან–ოსმალეთის ომის მიმდინარეობაზე ვენეციის მთავრობისთვის უნდა წარედგინა. ამ საპასუხისმგებლო საქმიდან გამომდინარე, მინადოი დიდ სიფრთხილეს იჩენდა ცნობების შეგროვებისას. მართალია, მინადოის ცნობები არაა დაზღვეული ხარვეხებისაგან, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება არსებითი არ იყოს. ამდენად, ღირს მინადოის ამ ცნობასაც ვენდოთ და იგი ნამდვილ ფაქტად მივიჩნიოთ. ამის დასასაბუთებლად ისევ მივმართავთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.
1578 წლიდან ყველაზე მეტად თბილისისა და გორის ციხეში მდგარ ოსმალურ გარნიზონს უჭირდა. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, 1579წ. სიმონმა თბილისთან ერთად გორსაც შემოარტყა ალყა [გორგიჯანიძე, 1925:223]. მინადოის მიხედვით, მეჰმედ ფაშამ თბილისისთვის დახმარების აღმოჩენა სცადა. ის მცირერიცხოვანი ჯარით 1581 წლის აგვისტოს მიწურულს არზრუმიდან გამოვიდა და ახალქალაქში ჩავიდა, სადაც შეხვდა მანუჩარს. ფაშამ მას სთხოვა თბილისამდე ოსმალთა ჯარისთვის მეგზურობა გაეწია. მინადოი აღნიშნავს, რომ „..გორის ციხე ჯუზუფის (იოსების–ქ.დ) ძმას ეკუთვნოდა...“, რომლის გარდაცვალების შემდეგ ის ოსმალების ხელში გადასულა. მინადოის განმარტებით, შაჰმა სიმონს გაუგზავნა ჯარი, თუმცა საზავო მოლაპარაკებისათვის ზიანის მიყენება არ სურდა. რაზმს, რომელიც ოსმალებს ედიდათ, სიმონი სარდლობდა და ფეხდაფეხ მისდევდნენ მათ. უფრო მეტიც, შიკრიკები გაუგზავნიათ ოსმალებისთვის, მტერი მედიდური და სალანძღავი სიტყვებით ბრძოლაში გამოუწვევით. შვიდი დღის შემდეგ ოსმალებს ერთი მდინარისთვის მიუღწევიათ. მეჰმედმა და მანუჩარმა დაიწყეს თათბირი თუ როგორ მოქცეულიყვნენ. მანუჩარმა სარდალს ურჩია, მოეცადათ ღამე და დილით გადასულიყვნენ მეორე ნაპირზე. მეჰმედმა მას არ დაუჯერა, რადგან თვლიდა, რომ ოსმალების წინააღმდეგ მანუჩარი და სიმონი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამიტომ მან დაუყოვნებლივ მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა ბრძანა. ჯარი იმდენად ჩქარობდა, რომ ბევრი წყალში ცხენების და აქლემების ფლოქვების ქვეშ მოჰყვა–გვამცნობს მინადოი. ქართველები კი უეცრად დაესხნენ თავს ოსმალებს და დიდი ზარალიც მიაყენეს. გადარჩენილები კი შეგროვდნენ მეორე დილას და ყველაფერს მანუჩარს აბრალებდნენ. მათ იმდენად ააჩქარეს ნაბიჯი, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, სასაპალნე ბილიკით იქ საღამოს პირზე მივიდნენ. გარნიზონის ჯარისკაცები მომხდარით დიდად დანაღვლიანებულნი იყვნენ [Minadoi, 1588:184-185]. ვფიქრობთ, ოსმალებს გადაწყვეტილი ჰქონდათ არა თბილისის (სადაც მცირე მაშველ ჯარს, როგორც წესი, არ გზავნიდნენ. მოცემულ შემთხვევაში კი მეჰმედს მცირე ძალა ჰყავდა), არამედ გორის გარნიზონის დახმარება. მინადოი აღნიშნავს, რომ ეს „...ციხე იოსების ძმას ეკუთვნოდა...“, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ოსმალებს დარჩაო. ჩვენი აზრით, აქ საუბარია ციხის გამგებლობაზე და არა საკუთრებაზე. შესაძლოა, სწორედ აღნიშნული პიროვნების გარდაცვალებას უკავშირდებოდა მეჰმედ ფაშას ლაშქრობაც. გარნიზონის უფროსი ხომ უნდა აერჩია, თან უზრუნველეყო მათი საჭიროებები. როგორც ჩანს, ოსმალებმა ხრიკს მიმართეს, ხმები გაავრცელეს, ვითომდა თბილისის გარნიზონის დასახმარებლად მივდივართო. ამაში ეჭვს ვერც ვერავინ შეიტანდა, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თბილისის ოსმალური გარნიზონი მუდმივად საჭიროებდა სტამბულიდან დახმარებას. ეს ხმები სიმონის ყურამდეც მიაღწევდა, რომელმაც გადაწყვიტა ბოლო მოეღო დასუსტებული გარნიზონისთვის. პირდაპირი იერიში ციხეზე არაეფექტური იქნებოდა. საჭირო იყო ციხეში შეღწევა და სწრაფი მოქმედება, რის შემდეგაც სიმონი მეჰმედის მცირე ძალას ადვილად გაუმკლავდებოდა. სიმონი და მანუჩარი აშკარად შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ეს უკანასკნელი იძულებული იყო ოსმალებისათვის ეწინამძღვრა. აშკარაა მანუჩარის ერთგულების ოსმალებს არ სჯეროდათ და ერთგვარ გამოცდას უწყობდნენ. ვფიქრობთ, მანუჩარმა გაიგო სარდლის ნამდვილი ზრახვების შესახებ, თუმცა ის მაინც იძულებულია მეგზურობა გასწიოს. მეჰმედი ხომ პირდაპირ მიანიშნებს, რომ შენთან იმიტომ მოვედი, სულთნის ქვეშევრდომი ხარ და მის წინაშე სამსახური გმართებსო. მანუჩარს ოსმალები გრძელი გზით მიჰყავს, ფაშამ კი მას უმოკლესი გზით წაყვანა სთხოვა. ცხადია, მანუჩარმა დროის გაყვანის ტაქტიკა აირჩია. რაც შეეხება მანუჩარის რჩევას ღამე მოეცადათ და დილით გადასულიყვნენ მეორე ნაპირზე, კარგად მოფიქრებული ტაქტიკა იყო. მგზავრობისგან ქანცგაცლილი ოსმალები ვერ შეძლებდნენ სიმონისათვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევას. ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ წელგაწყვეტილი ოსმალები ისე აჩქარდნენ, რომ სასაპალნე ბილიკით დაღამებამდე თბილისის ციხემდე მიაღწიეს. ცხადია, ისინი გორში მივიდნენ. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მოვლენების ფონზე განვითარდა სიმონ მეფის ტომაზო მინადოისეული დიპლომატიური ფანდი. შესაბამისად, ვფიქრობთ, მას ადგილი 1581 წლის II ნახევარში ჰქონდა, თუმცა ამის კატეგორიული მტკიცება საკონტროლო მასალის გარეშე ძნელია. მოკლედ რომ ვთქვათ, სიმონ მეფემ ერთხელ გამოყენებულ დიპლომატიურ ხერხს, ჩანს, ახლა მეორედ მიმართა. სხვა შემთხვევაში მას მინადოი ორ ვერსიად კი არ წარმოგვიდგენდა, არამედ იმ ვერსიის სახით, რომელიც ბერი ეგნატაშვილის ცნობას ამყარებს. ასევე ძნელი დასაჯერებელია, მინადოის ერთი სარწმუნო ვერსიიდან მეორე თავისი ფანტაზიით შეეთხზა, რადგან ეს მას არაფერს აძლევდა. მას ანტიოსმალური კოალიციის პროპაგანდის მიზნითაც (ეს სულაც არ ევალებოდა) რომ შეეთხზა ეს ისტორია, მაშინ გამონაგონი მეტი ეფექტისთვის სხვაგვარად მაინც უნდა დაემთავრებინა. შესაძლოა, ინფორმატორმა მას ორივე ვერსია მიაწოდა და მანაც ეს ისე გადმოსცა, როგორც მოხდა.
ამგვარად, ტომაზო მინადოი და როვიგოს ორივე ცნობა მეტად საინტერესოა საქართველოზე უცხოური საისტორიო წყაროს თვალსაზრისით, რადგან იგი ერთ შემთხვევაში ავსებს ქართულ წყაროში დაცულ ცნობას, ხოლო მეორე შემთხვევაში ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას სიმონ მეფეზე. მართალია, ამ ვერსიების სანდოობა-არასანდოობაზე კატეგორიულად საუბარი ძნელია, შეიძლება გაზვიადებასთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ სიმონ მეფისთანა არაორდინალური პიროვნებისთვის ასეთი რამ უჩვეულო არ იქნებოდა.
გამოყენებული ლიტერატურა
ქართლის ცხოვრება. 1959. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტომი II. თბილისი.
ვახუშტი ბატონიშვილი. 1913. საქართველოს ცხოვრება 1469-1800-მდე. თბილისი.
მამისთვალიშვილი ე. 2009. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XV-XVI სს). ტომი I. თბილისი.
Minadoi G.T. Historia della Guerra fra Turchi et Persiani, descritta in Quattro libri. Roma, 1587< in Venetia, 1588.